English / ქართული / русский /
ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე
საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარი და ენტროპიის კონცეპტუალური საკითხები გლობალური კონკურენციის პირობებში

რეზიუმე

ინოვაციური ეპოქა კონკურენციის ახალ პირობებს აყენებს და ეს, ინფორმაციულ-ქსელური ეკონომიკის მართვის ინსტრუმენტების ფლობაა, რომლის გარეშეც  შეუძლებელია მომავლის მართვა და კონკურენტული უპირატესობების მოპოვება გლობალურ დონეზე.

ნაშრომის მიზანია ენტროპიის ბუნების და მისი მიზეზების შესწავლა; კორპორაციულ დონეზე ენტროპიის მართვის შესაძლებლობებისა და გზების განსაზღვრა.

ამ მხრივ მასში განხილულია ენტროპიის მრავალმხრივი ბუნება. ენტროპია, როგორც ეკონომიკური ფენომენი გლობალური კონკურენციის პირობებში, შესწავლილია  საქართველოს საგანმანათლებლო ბაზრის ჭრილში.

ნაშრომის ბოლოს ავტორს მოჰყავს ბუნებრივი და ხელოვნური ენტროპიის მიზეზები და იძლევა ენტროპიის უარყოფითი ეფექტების თავიდან აცილების რეკომენდაციებს.

საკვანძო სიტყვები: ბუნებრივი ენტროპია; ხელოვნური ენტროპია; სინერგია, საზოგადოებრივი აზროვნება; ბიფურკაციის წერტილი.

შესავალი

ენტროპია ბერძნული წარმოშობისაა და მოტრიალებას, გარდაქმნას ნიშნავს. სტატისტიკური კუთხით, ენტროპია არის სისტემის მოწესრიგებულობის მაჩვენებელი. მისი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო მაღალია მოწესრიგებულობის დონე, მით უფრო მცირეა ენტროპია და პირიქით, მცირე მოწესრიგებულობის დროს მაღალია ენტროპია.

 ბიზნესკომპანიის (ეკონომიკური ძრავი), სამომხმარებლო ბაზრის (ცხელი სხეულის ანალოგი) და მწარმოებელთა ბაზრის(ცივი სხეული ანალოგი) მაგალითზე,  მკვლევარი ს. დარდა თავის ნაშრომში: ,, ენტროპია და ეკონომიკა’’(S.Darda; 2017; http://economicentropy.com) ასაბუთებს, რომ ენტროპია თავისი შინაარსით უნივერსალურ თეორიულ კონცეფციას წარმოადგენს, რომლის  გამოყენება შეიძლება ყველა სფეროში.

მართვის თეორიაში ენტროპია  სისტემის მოუწესრიგებლობის ზომას გვიჩვენებს. საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, როდესაც გლობალიზაცია დღის წესრიგში ინფორმაციული საზოგადოების ფორმირებას აყენებს, ჩნდება ინფორმაციული ენტროპიის ღრმა და სისტემური შესწავლის საკითხი. აღნიშნული უფრო მეტად პრობლემატური ხდება ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლობის გზაზე ახალგაზრდა სახელმწიფოებს წარმოადგენენ. მათთვის რთულია მოძველებული მეთოდებით ისეთი კრიზისების მართვა, რომელიც ერთდროულად ორგანიზაციულ-მმართველობითი, ფინანსურ-ეკონომიკური და სისტემური ხასიათისაა.  ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა გლობალურ ფინანსურ-ეკონომიკური სისტემის არამდგრადობა, დისბალანსი და  დეზორგანიზება. ეს უკანასკნელი მწვავე პრობლემად დგას ასევე კორპორაციულ დონეზეც.

ინოვაციური ეპოქა კონკურენციის ახალ პირობებს  აყენებს და ეს, ინფორმაციულ-ქსელური ეკონომიკის მართვის ინსტრუმენტების ფლობაა, რომლის გარეშეც  შეუძლებელია მომავლის მართვა და კონკურენტული უპირატესობების მოპოვება გლობალურ დონეზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომის მიზანია  ენტროპიის ბუნების და მისი მიზეზების შესწავლა; კორპორაციულ დონეზე ენტროპიის მართვის შესაძლებლობებისა და გზების განსაზღვრა.

გლობალიზაცია და ბუნებრივი ენტროპია

თანამედროვე მსოფლიო ხასიათდება ინფორმაციის დიდი მოცულობებით, რომლის  მართვა და გამოყენებაც განსაზღვრავს მოქმედი სტრტუქტურების ენტროპიის ზომას, კონკურენტულ დონეს და მდგრადობას.

გლობალიზაციის ისტორიულ  ჭრილში ჩატარებული  ანალიზი გვიჩვენებს, რომ გლობალიზაციის ციკლები, ყოველ წინამდებარესთან შედარებით ხანმოკლე პერიოდით ხასიათდება. 

საერთაშორისო ბაზრის ევოლუციის პირველი ტრიადა (VII — XIII ss.,I cikli: 637—661 (tg); 661—769 (mZ); 769—793 (sbr); 793—889 (sk).; II cikli 889—913 (tg); 913—1009 (mZ); 1009—1033 (sbr); 1033—1117 (sk).  III cikli Ш7—1141  (tg); 1141—1225 (mZ); 1225—1249 (sbr); 1249—1321 (sk).

საერთაშორისო ბაზრის ევოლუციის მეორე ტრიადა  (XIV — XVIII ss.) I cikli: 1321—1345 (tg); 1345—1417 (mZ); 1417—1441 (sbr); 1441—1501 (sk). II cikli: 1501—1525 (tg); 1525—1585 (mZ); 1585—1609 (sbr); 1609—1657 (sk). III cikli: 1657—1681 (tg); 1681—1729 (mZ); 1729—1753 (sbr); 1753—1789(sk)

საერთაშორისო ბაზრის ევოლუციის მესამე  ტრიადა  (XIX — XXI ss.) I ციკლი: 1789-1813 (ტგ); 1813—1849 (მძ); 1849—1873 (სბრ); 1873—1897 (სკ). II ციკლი 1897—1921 (ტგ); 1921—1945 (მძ); 1945—1969 (სბრ); 1969—1981 (სკ). IIIციკლი: 1981—2005 (ტგ); 2005—2017 (მძ); 2017—2041 (სბრ); 2041—... (სკ). (В.И. Пантин, ст.258).

როგორც საერთაშორისო ბაზრის ევოლუციის ეტაპებიდან ჩანს, მისი პირველი და მეორე ტრიადა დაკავშირებულია როგორც მსოფლიო ძვრებთან, ასევე ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ბაზრის რევოლუციურ ცვლილებებთან. ხოლო ოცდამეერთე საუკუნე, შუა პერიოდამდე,  გლობალური ბაზრის რევოლუციური ძვრებით და სტრუქტურული კრიზისით ხასიათდება. მოცემულ მასალასა და გლობალიზაციის  მიმდინარე  პროცესებზე დაკვირვების შედეგად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მომავალში ინოვაციური კონკურენციის შედეგად, ზემოთ მოცემული ციკლების ხანგრძლივობა კიდევ უფრო შემცირდება, რაც სერიოზულ რეფორმისტულ ძვრებთან  იქნება დაკავშირებული როგორც წარმოების/მომსახურების გაწევის, ასევე მართვის მხრივაც.

მომავლის კონკურენცია კი იქნება ინფორმაციულ-ქსელური კონკურენცია, რასაც, რაღა თქმა უნდა, მოჰყვება ბუნებრივი (ლოგიკური) ენტროპია. ამ შემთხვევაში სისტემის მართვა მარტივია მაშინ, თუ მმართველმა სუბიექტმა კარგად იცის მის ხელთ არსებული კონკურენტული უპირატესობები და სწორად განახორციელებს ენტროპიის მართვას. ანუ ინფორმაციული ქაოსიდან (მოუწესრიგებლობიდან) სისტემას გადაიყვანს მოწესრიგებულობის (ინფორმაციული სინერგიის) მდგომარეობაში.  სხვა შემთხვევაში  კი, გამარჯვებული გამოვა ის, ვისაც უკეთ შეეძლება მომავლის მართვა და საკუთარი კონკურენტული უპირატესობების რეალიზება. 

ხელოვნური ენტროპია, მითი თუ რეალობა

მიუხედავად იმისა, რომ ენტროპიული ეკონომიკა მეცნიერების შედარებით ახალი მიმართულებაა, მის შესახებ მეცნიერ-მკვლევართა მრავალი მოსაზრება არსებობს  (ს. ა. დიატლოვი;  მ. ა. ბასინი; ი. ს.პოპკოვი; მ. ნ.ტოლმაჩევი; გ.ა. მასსასაგო; ვ. კაპპეკი და სხვ.). ზოგად ჭრილში ის შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვადგინოთ: ვინც ფლობს და იყენებს ინფორმაციულ-ქსელური ეკონომიკის ინსტრუმენტებსა და ენტროპიის ლოგიკას, მის ხელთაა მომავლის მართვა, წარმატებით ახდენს საკუთარი კონკურენტული უპირატესობების რეალიზებას და გამოდის გამარჯვებული მწვავე კონკურენციის პირობებში.

ასეთი არგუმენტირება ბადებს კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ენტროპიას ჰქონდეს ხელოვნური ხასიათი და როდის ვხვდებით მას?  მითუმეტეს განვითარებადი სამყაროსათვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინფორმაციული ქაოსიდან გამიჯნული მისი შედეგები და სუბიექტების მართვაც ხშირ შემთხვევაში ინერციით ხდება. 

ს.ა. დიატლოვი და ო.ს. კოვალენკო თავიანთ ნაშრომში ,,ენტროპიული ეკონომიკა და გლობალური ინოვაციური ჰიპერკონკურენცია’’, ასეთი კონკურენტული პოლიტიკის ალგორითმს შემდეგნაირად აღწერენ: მმართველი სუბიექტი მიზანმიმართულად ქმნის ქაოსს, რაც ძველ სისტემაზე წინასწარ პროგრამირებული მიზნობრივი ზემოქმედებით ხდება. აღნიშნულს სტაბილური მდგომარეობიდან გამოჰყავს სისტემა, რის შემდეგაც იქმნება ახალი წესრიგი წინასწარ შემუშავებული ახალი მახასიათებლებით, რომელიც პასუხობს  მმართველი სუბიექტის ინტერესებს და მის კონკრეტულ მიზნებს (С.А. Дятлов. О.С. Коваленко; ст. 81). ავტორებს აღნიშნულის მტკიცებულებად მოჰყავთ მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციის ,,Microsoft’’ დამფუძნებლის ბილ გეიტსის სიტყვები, რომ დღეს საქმე ეხება უკვე არა ფულს, არამედ იმას, თუ როგორ ვმართოთ მომავალი( М.А. Басин, И.И. Шилович ст.61).

რა სახით ვლინდება ენტროპია ქართულ კომპანიებში და რა შედეგებთანაა დაკავშირებული ის? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩატარებულმა კვლევამ საგანმანათლებლო სფეროში, სადაც მიზნობრივ სეგმენტებად არჩეულ იქნა საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე ფუნქციონირებადი (როგოც სახელმწიფო, ასევე კერძო) უმაღლესი სასწავლებლები (მათი დასახელება, უმაღლესი სასწავლებლების ინტერესიდან გამომდინარე, არ ხდება), დაგვანახა, რომ ენტროპია მთელი თავისი სიძლიერით ვლინდებოდა 2000-იანი წლების დასაწყისში.  2000-2005 წლებში  საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე იყვნენ ძლიერი მოთამაშეებიც და ახალდამწყები უმაღლესი სასწავლებლებიც, რომლებიც ცდილობდნენ რეფორმების შესაბამისი ქმედებების განხორციელებას და კონკურენციისათვის ფეხის აწყობას. ამ დროს ძლიერი კონკურენტები ბაზარზე პოზიციის გასამყარებლად ქმნიდნენ წინასწარ პროგრამირებულ მიზანმიმართულ ქაოსს (სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობა; ტექნოლოგოური ცვლილებები, პროგრამული ცვლილებები), რომელთა მოწესრიგებული ფუნქციონირება გარკვეულ დროს მოითხოვდა. სწორედ ამ დროში სისტემის ბალანსი (სინქრონული განვითარება) ირღვეოდა და თვალსაჩინო ხდებოდა ახალი წესრიგის არსებობის აუცილებლობა წინასწარ შემუშავებული პროგრამული მახასითებლების   მიხედვით (დონეების მიხედვით სწავლება; სწავლების ხანგრძლივობა), რომელიც ბოლომდე არ იყო გარკვეული და ჩამოყალიბებული კონკრეტული ინდიკატორების  მიხედვით.  ეს მდგომარეობა მანამდე გრძელდებოდა ვიდრე ეს  ბაზარზე მყოფ ძლიერ მოთამაშეებს. აღნიშნული სწორედ ის პერიოდია, როდესაც ამ მიმართულებით ბაზარი დეფეციტურია და კონკურენცია მონოპოლური. თუ ჩავუღრმავდებით აღნიშნულ პროცესს, დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელოვნურ ენტროპიასთან, რომლის შემცირების ბუნებრივად რეგულირებადი მექანიზმები ჯერ კარგად არ იყო იმ პერიოდისათვის გამოკვეთილი (განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთმნიშვნელოვანი მარეგულირებელი მექანიზმები და მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა სისტემის მოწესრიგებული განვითარება) და არც კონკურენტული სუბიექტები იყვნენ ბაზარზე იმ რაოდენობით, რომ თვალსაჩინო გამხდარიყო ენტროპიის ხელოვნური ბუნება. სიტუაცია შეიცვალა  2010 წლიდან, როდესაც კონკურენცია გაძლიერდა და მმართვადი ობიექტები დიდხანს ენტროპიულ მდგომარეობაში ვერ იქნებოდნენ. აქ, ენტროპიის სუბიექტებთან ერთად აუცილებელი გახდა სინერგიული სუბიექტების არსებობაც, რომლებიც აღნიშნულ ქაოსს მოაწესრიგებდნენ. სინერგიული სუბიექტის როლში ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო გამოვიდა, რომელმაც ბაზარზე არსებული სტრუქტურების სრული ინფორმირება მოახდინა განათლების ევროპული სივრცის (ბოლონიის პროცესი) კონკრენტული მახასიათებლების და განხორციელების მექანიზმის შესახებ.  თითქოსდა, ამ პერიოდიდან უნდა შემცირებულიყო ქაოსური ენტროპიის მოცულობა და დაწყებულიყო კომპანიათა სინერგიული განვითარება. მაგრამ, 2010-2016 წლების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელთა რეიტინგული მონაცემების საფუძველზე,  კონკურენტუნარიანობის შეფასებამ  დაგვანახა მათი არაკანონზომიერება. მკვეთრი რეიტინგული ცვლილებები მეტყველებს იმ შიდა კრიზისებზე, რომლებიც მიმდინარეობს ამა თუ იმ სტრუქტურაში. ამ კუთხით კვლევის გაგრძელებამ გვიჩვენა, რომ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც მოხდა მკვეთრი რეიტინგული ცვლილებები (რეიტინგის ვარდნა), ადგილი ჰქონდა მმართველობით კრიზისს.  კერძოდ, ენტროპიის შემცირებისა და სინერგიის ზრდის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ეფექტური მმრთველობითი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ეს უკანასკნელი კი მიღებული უნდა იქნეს არა მარტო სისტემის მდგომარეობის  წარსულის პარამეტრების საფუძველზე, არამედ მოცემული სისტემის  მომავალი მდგომარეობის პოტენციურად მიღწევადი ინფორმაციული მოდელების ვარიანტების შედარებითი ანალიზის საფუძველზეც. სინერგიულ-ინფორმაციული ეფექტიანი მართვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს უნარი, დღეს დაგეგმო მომავალი. სისტემის ეფექტიანი მართვის პრინციპებს შეადგენს სისტემურობა, მთლიანობა, მიზანმიმართულობა. ყოველივე ამის არსებობა კი შესაძლებელია სწორად დასახული მიზნის შემთხვევაში, რომელიც დომინანტი უნდა იყოს მოცემული სისტემის განვითარებაში ჩართული ყველა მონაწილისათვის.

კვლევამ ცხადყო, რომ დაბალი რეიტინგის მქონე სტრუქტურების (უმაღლეს სასწავლებლებში) 57%-ში შეიმჩნეოდა სისტემური ხასიათის ენტროპია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ პრობლემისადმის სისტემური მიდგომა და ამიტომაც ენტროპია სინერგიის ნაცვლად გაღრმავდა, რამაც მათ რეიტინგულ მაჩვენებელზე პოვა ასახვა;  23%-მა სწორად ვერ განსაზღვრა ძირითადი მიზანი, 15% მიეკუთვნება ე.წ. ,,თვითკმაყოფილ’’ ორგანიზაციათა ტიპს, რომლებიც განიცდიან ცვლილებების ზეწოლას, მაგრამ პრობლემებზე პასუხისმგებლობა გადააქვთ გარე ძალებზე. თუ ცვლილებები გარდაუვალია, ისინი ამას აფასებენ როგორც ადაპტაციას, შესაბამისად ახდენენ მის რეალიზებას სტრუქტურის შიგნით, ხოლო დანარჩენი 5% ქაოსური ტიპის ორგანიზაციებს მიეკუთვნება, რომლებიც  წარმოქმნილ პრობლემებზე ცალკეული გადაწყვეტილებებით რეაგირებენ. ისინი თითქოსდა დაკავებული არიან ცვლილებებზე მუშაობით, მაგრამ არ სურთ მათი რეალურად განხორციელება. ასეთ ორგანიზაციებში პრობლემების გადასაწყვეტად აქტიური ქმედებებისათვის მზაობა მინიმალურია. ისინი უპირატესიბას ანიჭებენ მშვიდ ცხოვრებას.

დასკვნა

მოცემული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ენტროპიას პერმანენტულად აქვს ადგილი ერთი სისტემიდან მეორეზე ან სისტემაში მოქმედი სტრუქტურების (უნივერსიტეტები) ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლის დროს. იგი უფრო შესამჩნევი და პრობლემური ხდება გლობალურ სამყაროში ძლიერი კონკურენციის დროს. ამდენად. ენტროპია, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა, ბუნებრივი ხასიათისაა, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტად განვითარებულ ბაზრებზე, სადაც ბაზრის მონოპოლური/ოლიგოპოლური მექანიზმები უფრო მძლავრობენ, იგი ხელოვნურ ხასიათს იღებს და სისტემის მოწესრიგებულობა ხანგრძლივი პერიოდით გადაიწევა, რაც, რაღა თქმა უნდა, ეკონომიკური სტრუქტურების (უნივერსიტეტები) სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებში აისახება. კვლევამ გამოავლნა ასევე ხელოვნური ენტროპიის მეორე მიზეზი, რომელიც ენტროპიული სუბიექტების მიერ ხელოვნური ბარიერების შექმნაში მდგომარეობს. იმის შიშით, რომ სინერგიულ-მმართველობითი საქმიანობის განხორციელებით ენტროპიული სუბიექტები თითქოსდა დაკარგავენ მმართველობით ზეგავლენას სტრუქტურაში, ისინი ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან სტრუქტურის განვითარებას.

ენტროპიის  და ეკონომიკურ სტრუქტურებში კრიზისის გაღრმავების კიდევ ერთი მიზეზი მასში მონაწილე პიროვნებათა მოუმზადებლობაა. ამ დროს საზოგადოება სწორად ვერ აღიქვამს  ცვლილებებს, ვერ ახერხებს მისგან საჭიროსა და პოზიტიურის რანჟირებას, რაც ინფორმაციული დეფიციტით და არასათანადო კვალიფიკაციითაა განპირობებული.

ეკონომიკური სტრუქტურების სწორი მიმართულებებით წაყვანა შესაძლებელია სინერგიული სუბიექტების (მმართველები, რომლებიც ახორციელებენ სისტემის მოწესრიგებას) არსებობით. მაგრამ, თუ ასეთი სუბიექტები საჭირო პერიოდში სტრუქტურაში არ აღმოჩნდებიან, გარკვეული, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო, მაშინ სტრუქტურის მართვა მოხდება ე.წ. ენტროპიული სუბიექტების მიერ და ეს მანამ გაგრძელდება, ვიდრე არ გამოჩნდება სინერგიული სუბიექტი.

ამდენად, ენტროპიული და კრიზისული მდგომარეობიდან სტრუქტურების სწრაფად გამოყვანისათვის მიზნშეწონილად მიგვაჩნია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს სტრუქტურებში სინერგიული მმართველობის შესაძლებელობები. ამ დროს მოხდება ენტროპიის სწრაფად გადაყვანა მოწესრიგებულობის მდგომარეობაში, ანუ სინერგიული ქმედებების განხორციელება. სინერგიულმა სუბიექტმა სწორად უნდა განსაზღვროს სტრუქტურის მიზანი და ბიფურკაციის წერტილი. ამ დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია სინერგიული მართვისადმი სისტემური მიდგომა, პროცესების კონტროლი და ის, რომ დრო არ უნდა დაიკარგოს შემთხვევით რეალიზებად ვარიანტებზე, არამედ მიზანმიმართულად და არგუმენტირებულად უნდა წარიმართოს მთელი ძალისხმევა იქით, რომელიც ყველაზე უფრო სასურველი და ოპტიმალურია სტრუქტურისათვის.

ყოველი დაგვიანებული ნაბიჯი,   შედეგად სტრუქტურის მსხვრევას, დაშლას გამოიწვევას, რადგანაც მათი ძალისხმევა მიმართულია მომხმარებელზე, ცოცხალ ადამიანებზე, შემოქმედ სუბიექტებზე, რომლებიც  კანონებისა და ტენდენციების აქტუალიზების მოტივატორები არიან.

გამოყენებული ლიტერატურა

1. М.А. Басин, И.И. Шилович. 1999; Синергетика и Internet. СПБ: Наука.. ст.61.

2. С.А. Дятлов. О.С. Коваленко; 2013; Энтропийная Экономика и Глобальная Инновационная Гиперконкуренция; М. с.81.

3. С.А. Дятлов. 2012; Энтропийное економическое мышление, Энтропийный менеджмент; «Астерион».с.34.

4.  В.И. Пантин ; 2003;Циклы и волны глобальной истории. Глобализация в историческом измерении. М. с.258.

5. В.П. Соловьев; 2006; Инновационная Деятельность как Системный Процесс в Конкурентной Экономике (Синергические Эффекты инновации);Киев;с.3814; С.384.

6. Крянев А.В., Матохин В.В., Харитонов В.В. 2010; Энтропийный метод мониторинга реализации экономических стратегий; Экономические стратегии -№5  с.1-5.

7. S. Darda -Entropy and  Economy; 2017; http://economicentropy.com

8. Celles D. Suddenly, Breaking Up Is the Thing to Do 2014// The New York Times. – 10 Jul ; p.81.